English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ რამაზ აბესაძე
გლობალიზაცია და პანდემიის ეკონომიკური პრობლემები

ანოტაცია. მიმდინარე წელს მსოფლიო კორონავირუსის პანდემიამ მოიცვა. ქვეყნები იძულებულნი იყვნენ შემოეღოთ ვირუსის საწინააღმდეგო აკრძალვები, რამაც ეროვნული ეკონომიკები და მსოფლიოს გლობალური ეკონომიკა საკმაოდ ღრმა რეცესიამდე მიიყვანა ნაშრომში გამოკვლეულია პანდემიის ეკონომიკური პრობლემები გლობალიზაციის პირობებში. ნაჩვენებია დღევანდელი ეკონომიკის პანდემიური შოკის ხასიათი და მისი დაძლევის შესაძლებლობები.

საკვანძო სიტყვები: პანდემია, კრონავირუსის პანდემია, ეკონომიკის პანდემიური შოკი, ეკონომიკის რეცესია, ინოვაციური განვითარება. 

შესავალი 

კაცობრიობას ახსოვს არა ერთი პანდემია, რომელმაც აუნაზღაურებელი ზარალი მიაყენა ადამიანთა საზოგადოებას, როგორც ადამიანთა მსხვერპლის, ისე უზარმაზარი ეკონომიკური დანაკარგების სახით. საქმეს ყოველთვის ართუ;ებდა ის, რომ არ არსებობდა ვირუსის საწინააღმდეკო ვაქცინა ან დაავადების სამკურნალო წამალი. იგივე ვითარებასთან გვაქვს საქმე დღესაც. 2019 წლის დეკემბერს ჩინეთის ქალაქ უხანში დაიწყო ახალი კორონავირუსის ეპიდემია, რომელიც საკმაოდ სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში და იგი პანდემიად გამოცხადდა. შესაბამისი ვაქცინისა და წამლის არარსებობის გამო ქვეყნის მთავრობები იძულებულნი გახდნენ ჯანდაცვის მუშაკების რჩევით, წინა პანდემიებისაგან განსხვავებით, შემოეღოთ მკაცრი შეზღუდვები ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად: აიკრძალა საერთაშორისო ფრენები; შეიზღუდა შიგა ტრანსპორტი; ძლიერ შემცირდა ადამიანთა საქმიანობის სხვა სფეროებიც (წარმოება, ვაჭრობა, ხელოვნება, სპორტი და ა. შ.); გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და კარანტინი. საბოლოოв, წარმოიშვა მრავალი ეკონომიკური და ჰუმანიტარული პრობლემა, რომელთაც მიიღეს გლობალური ხასიათი. ამ სიტუაციის დიდი ხნით გაგრძელება როგორც ეროვნულ, ისე გლობალურ ეკონომიკას კოლაფსამდე მიიყვანდა. ამიტომ, მთავრობებმა განახორციელეს ანტიკრიზისული პროგრამები და ეპიდემიოლოგებთან ერთად შეიმუშავეს ვირუსთან თანაარსებობის  პირობები.

ეკონომიკის პანდემიური შოკის თავისებურებები

პანდემიის ეკონომიკური პრობლემები წარმოიშვება მსოფლიოში ინფექციურ დაავადებათა მასიური გავრცელების  დროს, მთავრობების მიერ ადამიანთა უსაფრთხოების მიზნით გატარებულ აკრძალვით ღონისძიებათა განხორციელების გამო. სამეურნეო საქმიანობათა შეზღუდვები ეკონომიკაში იწვევს საბაზრო მექანიზმების შეზღუდვას, საწარმოთა ფუნქციონირების ნაწილობრივ ან სრულ შეწყვეტას, რომელსაც მოსდევს ეკონომიკური ვარდნა, საზოგადოების დიდი ნაწილის კეთილდღეობისა და კომფორტის გაუარესება. პანდემია უარყოფითი ბუნებრივი მოვლენაა და შეიძლება გლობალურ ბუნებრივ კატასტროფებს შევადაროთ. პანდემია ეკონომიკაზე უშუალოდ არ მოქმედებს. მისი ეკონომიკაზე   უარყოფითი გავლენა შეწყდება მაშინვე, როდესაც იგი გავლენას ვერ მოახდენს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. ეკონომიკაზე პანდემიის გავლენას ეკონომიკის პანდემიური შოკი შეიძლება ვუწოდოთ. პანდემია ეკონომიკაზე უშუალოდ არ მოქმედებს. მისი ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა შეწყდება მაშინვე, როდესაც იგი გავლენას ვერ მოახდენს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე.  ამიტომ პანდემიური ეკონომიკური შოკის მთლიანად მოხსნა დამოკიდებულია ვირუსის მოქმედების ხასიათზე (ეპიდემია ჩაცხრება თავისით თუ არა) ან მედიცინაზე (გამოგონებული იქნება თუ არა ვაქცინა, ან წამალი ვირუსის წინააღმდეგ). შესაძლებელია ითქვას, რომ  დღევანდელი ეკონომიკა მედიცინის მძევალია [პაპავა ვ., 2020], მაგრამ მედიკოსებს ამაში ბრალი არ მიუძღვით, ვინაიდან ახალი კორონავირუსის შესწავლას, წამლის ან ვაქცინის მიგნებას დრო სჭირდება.  პირიქით, სწორედ მედიკოსთა რეკომენდაციების საფუძველზე ხერხდება პანდემიის უარყოფითი შედეგების შემცირება, ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენა.

დღევანდელი პანდემიური შოკის თავისებურება არის ის, რომ უარყოფითი ეკონომიკური შედეგები გამოწვეულია მთავრობის მიერ მიღებული დიდმასშტაბიანი შეზღუდვებით ეკონომიკური საქმიანობის თითქმის ყველა სფეროში. ეკონომიკური შოკების დროს ყურადღება მახვილდება მათი გამომწვევი მიზეზების დადგენასა და მათ აღმოფხვრაზე. პანდემიური შოკის მიზეზი სახეზეა და მთავრობების მიერ მართულია. მთავრობას შეუძლია გაზარდოს ან შეამციროს შოკის მოქმედება, აკრძალვების გაზრდისა და შემცირების ან ანტიკრიზისული პროგრამების განხორციელების გზით. ეს შოკი გამოწვეულია  არა ეკონომიკის რომელიმე  სფეროში წარმოქმნილი კრიზისის შედეგად, არამედ მას აქვს სისტემური ხასიათი, ვინაიდან, აკრძალვების გამო, მეტნაკლები სიდიდით ზარალდება ეკონომიკის ყველა სფერო. ეკონომიკის დანაკარგები დიდია, ვინაიდან დღევანდელი ეკონომიკის მასშტაბები უზარმაზარია და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები ძალზე მჭიდრო.   დღეს უკვე სახეზეა გლობალური ეკონომიკური რეცესია: უმუშევრობის ზრდა, მცირე და საშუალო ბიზნესების გაკოტრება, ტურიზმისა და ავიაციის სექტორის ჩამოშლა, ნავთობზე ფასების კატასტროფული ვარდნა, რეკორდული ვარდნა საფონდო ბაზარზე და ა. შ.

რასაკვირველია, პანდემიური შოკის მართვა განსხვავდება ეკონომიკურისაგან. მისი მოხნა დამოკიდებულია არა მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ ღონისძიებებზე, არამედ ვირუსის გავრცელების ვადებზე, მასშტაბებსა და აგრესიულობაზე. ასევე, მაგალითად, თუ ფინანსური კრიზისის დროს, უპირველეს ყოვლისა, გადასარჩენი იყო მსხვილი ბანკები, დღეს, უმთავრესად, გადასარჩენია მიკრო, მცირე და საშუალო სიდიდის საწარმოები: მცირე მაღაზიები, სასტუმროები, რესტორნები, სწრაფი კვება, სილამაზისა სალონები, ატელიები, ბარები, კაფეები, ტურისტული კომპანიები და ა. შ. თითქმის შემოსავლების გარეშე დარჩნენ თვითდასაქმებულები, შემოქმედებითი და ბევრი სხვა სფეროს წარმომადგენლები. პანდემიის დროს იზრდება ეკონომიკის იმ სფეროების მნიშვნელობა და მასშტაბები, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავშირებულნი ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან (სურსათით უზუნველყოფა, მედიცინა, სააფთიაქო სისტემა, სატვირთო გადაზიდვები, ონლაინ ვაჭრობა, ონლაინ  სწავლება, დისტანციური სამსახური და  სხვ.). პანდემიამ გვიჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია როგორც სამედიცინო სისტემის, ისე სოფლის მეურნეობის განვითარება, პირველის, როგორც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხოლო მეორის, როგორც სურსათით უზრუნველყოფის სფერო.

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური რეცესია გამოწვეულია პანდემიით,  დღეისათვის უკვე ჩამოყალიბდა წმინდა ეკონომიკური ხასიათის ნეგატიური პროცესები (უმუშევრობა, სიღარიბის ზრდა, ინფლაცია, ვალუტის გაუფასურება, ეროვნული ადამიანისეული კაპიტალის, დანაზოგების, შიგა და უცხოური ინვესტიციების, საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების შემცირება და სხვ.), რომელიც ვრცელდება მთელ ეკონომიკაზე და შესაძლებელია, პანდემიური შოკი ღრმა ეკონომიკურ კრიზისში გადაიზარდოს, რომლის დაძლევა პანდემიის მოხსნის შემდეგაც ბევრ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული.  მდგომარეობას ართულებს ის, რომ აღნიშნული შოკი  გლობალური ხასიათისაა.

თანამედროვე პანდემიის პირობებში მთავრობას უწევს ოქროს შუალედის მოძებნა ადამიანის ჯანმრთელობას, მის სიცოცხლესა და ეკონომიკურ ვარდნას შორის, თუმცა პირველი უმთავრესია. ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, როგორც უმაღლეს ღირებულებას, რასაკვირველია, უპირატესობა უნდა მიენიჭოს, მაგრამ  უკიდურესი გადახრა როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, გამოიწვევს როგორც ადამიანთა, ისე ეკონომიკის ძლიერ დაზარალებას. მაგალითად, თუ მთავრობა უგულებელყოფს ადამიანთა უსაფრთხოებას და თვითდინებაზე მიუშვებს პროცესებს, კატასტროფულად გაიზრდება დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა, რაც ასევე კატასტროფულ გავლენას მოახდენს ეკონომიკაზე  ეროვნული ადამიანისეული კაპიტალის შემცირებისა და დაავადებულთა მკურნალობის ხარჯების დიდი მასშტაბების გამო. თუ მთავრობა ძლიერ შეზღუდავს ეკონომიკურ საქმიანობას, მოიშლება ეკონომიკური სისტემა, გაიზრდება უმუშევრობა, შემცირდება შემოსავლები, დაიწყება შიმშილი, დაიძაბება სოციალური გარემო და ამით შესაძლებელია გაიზარდოს სიკვდილიანობა, რომ არაფერი ვთქვათ კეთილდღეობის გაუარესებაზე. მაშასადამე, მთავრობა იძულებულია წავიდეს გარკვეულ დათმობაზე როგორც ადამიანთა უსაფრთხოების, ისე ეკონომიკის საწინააღმდეგოდ და ამით მიიღოს პანდემიიდან თავის დაღწევის ყველაზე უკეთესი შედეგი.

ეკონომიკური რყევები დღევანდელი პანდემიის დროს შედარებით დაბალანსებულია, ვინაიდან მთავრობის მიერ განხორცილებული შეზღუდვები იწვევს როგორც ერთობლივი მოთხოვნის, ისე ერთობლივი მიწოდების შემცირებას. პირველის შემცირებას სამუშაოს დაკარგვის, ადამიანთა მომჭირნეობის გაზრდისა და ფირმების მიერ შესყიდვების შემცირების  გამო, ხოლო მეორისას - წარმოების გაჩერების ან შეკვეცის გამო. ასევე მთავრობა ეხმარება როგორც მომხმარებელს, ისე მიმწოდებელს და ამით ამცირებს პანდემიური შოკის ნეგატიურ მოქმედებას. შეიძლება ითქვას, რომ მთავრობა აღწევს მაკროეკონომიკურ წონასწორობას, მაგრამ არა მაკროეკონომკიკურ სტაბილიზაციას. მაკროეკონომიკური სტაბილიზაცია დადგება მას შემდეგ, რაც პანდემია ჩაქრება ან მისი მოქმედება ძირითადად შეიზღუდება (ვაქცინის ან წამლის აღმოჩენა ან ვირუსის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება). 

გლობალიზაცია და პანდემია

გლობალიზაციას არაერთი დადებითი მხარე აქვს, მაგრამ მას აქვს ასევე ნეგატიური მხარეც. მაგალითად, რომელიმე ქვეყანაში წარმოშობილი უარყოფითი პროცესი შესაძლებელია მთელ მსოფლიოში სწრაფად გავრცელდეს.დღეს სწორედ ჩინეთში წარმოშობილი ეპიდემიის მსოფლიოში გავრცელებას აქვს ადგილი. ადამიანთა მსხვერპლი იმდენად დიდია და სფრთხე იმდენად საშიში, რომ იგი პანდემიად გამოცხადდა.

პანდემია გლობალური პრობლემაამაგრამ, იგი არ არის უშუალოდ გლობალიზაციის შედეგი. იგი აჩქარებს ინფექციის გავრცელებას, მაგრამ პანდემია, უფრო მეტად, თვით ინფექცის თავისებურებაა. იგი მსოფლიოში ვრცელდებოდა მაშინაც, როდესაც არათუ გლობალიზაციის, არამედ საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დონეც კი უმნიშვნელო იყო. მაგალითად, „შავი ჭირის“, „შავი სიკვდილის“, „ქოლერის“, „ესპანური გრიპისდა სხვა პამდემიები, რომელთაც  ადამიანთა დიდი მსხვერპლი და ღრმა ეკონომიკური კრიზისები მოჰყვა [Павлова А. 2020]. წინა პანდემიების გამოცდილება აჩვენებს, რომ მათ მიმდინარეობას თან ახლავს მდგრადი პერიოდები - მრავალი ათეული წლის განმავლობაში კლებადი საინვესტიციო შესაძლებლობებით, შესაძლოა, კაპიტალის სიჭარბის გამო. გადარჩენილი შრომის ერთეულზე. [Òscar Jordà…, 2020]. გლობალიზაციის გაღრმავებასთან ერთად, მედიცინის განვითარების შედეგად, პანდემიათა უარყოფითი შედეგები მცირდება. ამაზე მეტყველებს  „ღორის გრიპის“,   „ატიპური“, და „ფრინველის გრიპის" პანდემიები. 

დღევანდელი პანდემიის დროსაც ადამიანთა დაავადების მასშტაბები და მსხვერპლი ჯერჯერობით შედარებით მცირეა (თუმცა ერთი ადამიანის დაკარგვაც კი ტრაგედიაა), თუმცა კორონავირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება და თუ სასწრაფო ზომები არ იქნებოდა მიღებული, შესაძლებელია ადამიანური მსხვერპლი უფრო დიდი ყოფილიყო.  ასევე აღსანიშნავია ის, რომ კორონავირუსს შედარებით ნაკლები აგრესიულობა ახასიათებს. ასევე,  მიღწევები მედიცინაში და მსოფლიოში ჯანდაცვის სისტემათა განვითარების დონე, დაავადებულთა განკურნების გაცილებით მეტ შესაძლებლობებს იძლევა, ვიდრე წარსულში (განსაკუთრებით შავი ჭირის, ქოლერისა და შიდსის დროს).

მიუხედავად პანდემიების  მდიდარი გამოცდილებისა, მსოფლიო მაინც ძალზე მოუმზადებელი შეხვდა კორონავირუსის პანდემიას არა სამედიცინო, არამედ მის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის თვალსაზრისით. ბიოლოგიური კატასტროფის საფრთხის დასაძლევად 85 ტრილიონიანი მშპ-ს მქონე მსოფლიომ საჭირო სახსრები ვერ გამონახა [ჭითანავა ნ., 2020][1]. ეს გამოწვეულია იმით, რომ ეკონომიკის გლობალიზაციის დონე წინ უსწრებს პოლიტიკური გლობალიზაციის დონეს. პოლიტიკური მზაობის შემთხვევაში, ეკონომიკური გლობალიზაციის დონე დღეისათვის საშუალებას იძლევა, ასეთი სახის ინფექციების დროს მსოფლიომ იმოქმედოს მყისიერად.  საერთო ძალებით წარმოშობის კერაშივე მოსპოს იგი ან ძლიერ შეზღუდოს მისი გავრცელების არიალი და მასშტაბები, არ დაუშვას ეპიდემიის პანდემიად ჩამოყალიბება. დღევანდელი ვითარება კი გვიჩვენებს, რომ ცალკეული ქვეყნები იყვნენ მაყურებლთა როლში ან დამოუკიდებლად მოქმედებდნენ.  არადა, პანდემიის აღმოფხვრა შეუძლებელია ძალების გაერთიანების გარეშე. თუ ინფექციის კერა რომელიმე ქვეყანაში დარჩება, არსებობს მისი თავიდან გავრცელების საშიშროება სხვა ქვეყნებში.

ქვეყნების დღევანდელმა თვითიზოლაციამ გააჩინა გარკვეული ანტიგლობალისტური შეხედულებები, არადა, აუცილებელია პირიქით მოქმედება. საჭიროა შეიქმნას საერთაშორისო ორგანიზაცია ყველა ქვეყნის მონაწილეობით (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად), რომელიც მოახდენს სწრაფ რეაგირებას ეპიდემიებზე, განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს მსოფლიო მასშტაბით და ხელს შეუშლის მის გავრცელებას სხვა ქვეყნებში. ამის უზრუნველსაყოფად უნდა არსებობდეს შესაბამისი ფონდიც. მსოფლიო მზად უნდა იყოს ახალი ინფექციებისაგან თავდასაცავად.

არსებობს მოსაზრებები, რომ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ შემცირდება გლობალიზაციის დონე, ქვეყნები აირჩევენ პროტექციონისტულ პოლიტიკას, თვითკმარობის პოლიტიკას, რაც შეუძლებლად მიგვაჩნია, ვინაიდან ეს გამოიწვევს  გლობალური პრობლემების (ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, სიღარიბის დაძლევის, ომისა და მშვიდობის, ბუნებრივი რესურსების ამოწურვის, სასურსათო უსაფრთხოების, კლიმატის ცვლილების, ეკოლოგიური, კოსმოსისა და ოკეანიების ათვისების პრობლემა და სხვა) გადაჭრის შესაძლებლობების შემცირებას, ყველა ქვეყანაში ეკონომიკის შეკვეცას, შემოსავლების და, შესაბამისად, დანახარჯების შემცირებას სამეცნიერო კვლევებზე, ინოვაციებზე, საბოლოო ანგარიშით, ეკონომიკური განვითარების შეაფერხებას მთელ მსოფლიოში. რაც შეეხება ექსპორტის ზრდისა და იმპორტჩანაცვლებადი დარგების განვითარების ხელშეწყობას, ეს დღესაც დღის წესრიგშია.

გლობალიზაციის პროცესი ობიექტური რეალობაა და ის აუცილებლად გაგრძელდება, მაგრამ კორექტივების შეტანა მასში აუცილებელია. საჭიროა ჯანდაცვის გაძლიერება, მისი ორგანიზაციის ახალი ფორმების შემუშავება და დანერგვა. ასევე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სავალუტო კურსის პრობლემას, უნდა განხორციელდეს სავალუტო კურსის საერთაშორისო რეგულირება, ვინაიდან ცალკეული ქვეყნისათვის სტაბილური სავალუტო კურსის შენარჩუნება თითქმის შეუძლებელია, მასზე მოქმედი საერაშორისო, ბევრ შემთხვევაში, სუბიექტური და სტიქიური ფაქტორის გამო. სავალუტო კურსი გამოხატავს საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო ფასს, მაგრამ იგი დგინდება არა მხოლოდ სასაქონლო (როგორც ეს ხდება ქვეყნის შიგნით), არამედ სავალუტო ბაზრებზეც, ამიტომ მასზე გავლენას ახდენს სპეკულაციური მოქმედებები, საფინანსო ბუშტები, დემპინგი, მთავრობათა არაეკონომიკური ჩარევები და სხვა, რომელთა მოქმედება არ ეფუძნება კანონიერ საქმიანობას. არადა, თითოეული ასეთი ნეგატიური პროცესი ცალკეული ქვეყნისათვის შესაძლებელია ტრაგედიად იქცეს.

მოვლენათა განვითარების ორი სცენარი

თანამედროვე პანდემიის პირობებში მოსალოდნელია მოვლენათა განვითარების ორი სცენარი – მოკლევადიანი და გრძელვადიანი. პირველი სცენარის დროს ეპიდემია თავისთავად ჩაცხრება მთელ მსოფლიოში ან გამოგონებული იქნება ვაქცინა და დაავადების სამკურნალო წამალი. ამ შემთხვევაში ეკონომიკის აღდგენა შესაძლებელი იქნება მოკლე დროში, ვინაიდან სახელმწიფო და კერძო დანაზოგები,  სამუშაო ადგილები და ადამიანისეული კაპიტალი ძირითადად  შენარჩუნებული იქნება. მეორე სცენარის დროს აუცილებელი გახდება ეკონომიკური საქმიანობის გაძლიერება პანდემიის პირობებში. წინააღმდეგ შემთხვევაში როგორც სახელმწიფო, ისე კერძო დანაზოგები ამოიწურება, სამუშაო ადგილები და ადამიანისეული კაპიტალის მნიშვნელოვანი ნაწილი გაჩანაგდება, დაისადგურებს სიღარიბე, შიმშილი და ა.შ. ასეთ შემთხვევაში საჭირო გახდება სახელმწიფოს მიერ ადგილობრივი და გარედან მოზიდული სახსრების მიმართვა სამუშაო ადგილების აღსადგენად. სახელმწიფომ და კერძო სექტორმა დანახარჯები უნდა გასწიონ ადამიანთა დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად, ძირითადად, შესაბამისი ტექნიკური საშუალებების (სამუშაო ძალის ეკიპირება, ავტომატიზაციის ამაღლება, რობოტიზაცია, დისტანციური სწავლება და საქმიანობა, დასაქმებულთა ტრასპორტირება, სამუშაო ადგილების დეზინფექცია  და  ა. შ.), გამოყენებისათვის, ისე, როგორც ეს ხდება გარეგანი ეფეტების (ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიები) აღმოსაფხვრელად. ასევე გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები დაავადებულთა სამკურნალოდ. იმედია, ამ სცენარით მოვლენები არ განვითარდება. 

პანდემიის დროს სახელმწიფოს როლი აქტიურდება. სწორედ მის ხელში გადადის როგორც ადამიანთა უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური საქმიანობის შენარჩუნების ძირითადი ბერკეტები. სახელმწიფოს გარეშე შეუძლებელი იქნება პანდემიასთან ბრძოლა და მისი შედეგების აღმოფხვრა ეკონომიკასა და საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. ასეთ ექსტრემალურ პირობებში თითქოს უფრო ეფექტიანია სახელმწიფო საკუთრების არსებობა. მაგალითად, სახელმწიფოს საკუთრების პირობებში,  უფრო ოპერატიულად და შეფერხებების გარეშე განხორციელდება ჯანდაცვის ღონისძიებები,  სახელმწიფო საწარმოში დასაქმებულები უხელფასოდ არ დარჩებიან, შენარჩუნებული იქნება სამუშაო ადგილები,  უფრო სწრაფად მოხერხდება  პანდემიის პირობებში ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელებისათვის მომზადება და სხვ. ამის გათვალისწინება შესაძლებელია მომავალში, სახელმწიფო საკუთრების ხვედრითი წილის  გაზრდის მიმართულებით, მაგრამ არსებულ საწარმოთა ნაციონალიზაცია მიუღებელია, ვინაიდან მოხდება საბაზრო მექანიზმების მოშლა და წარმოიშვება სოციალური დაძაბულობა.

კო­რო­ნა­ვი­რუ­სის პან­დე­მი­ასა და მის ეკ­ონ­ომ­იკ­ურ შე­დე­გებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ ერ­თმა­ნე­თი­სა­გან უნ­და გავ­მიჯ­ნოთ პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლისა და პოს­ტპან­დე­მი­ურ პე­რი­ოდ­ში გა­სა­ტა­რე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ებ­ები [მექვაბიშვილი ე., 2020]. საკმაოდ ხანგრძლივი პანდემიური შოკი  თანდათან ემსგავსება წმინდა ეკონომიკურ კრიზისს და პანდემიის დამთავრების შემდეგ შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ისეთი ინსტრუმენტები კრიზისიდან გამოსვლისა, როგორიც გამოიყენებოდა  დიდი დეპრესიის, მეორე მსოფლიო ომისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური ვარდნისა და  2009-2010 წლების მსოფლიო ფინანსური კრიზისების დაძლევის დროს, რომელიც მოიცავს ფისკალურ, მონეტარულ, ინსტიტუციურ და სხვა ინსტრუმენტთა ერთობლიობას, რომელიც იწვევს წარმოების სტიმულირებას, უმუშევრობის შემცირებასა და საბოლოოდ მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის მიღწევას. მოკლევადიანი პანდემიური ეკონომიკური შოკიდან გამოსვლას კი გაცილებით მცირე დრო და დანახარჯები დასჭირდება და ბევრ შემთხვევაში კერძო სექტორი, ძირითადად, თავისთავად აღიდგენს პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას, თუმცა სახელმწიფოს აქტიური დახმარებაც აუცილებელი იქნება, განსაკუთრებით იმ სფეროებისადმი, რომლებმაც დიდი დანაკლისი განიცადეს.                                 

პანდემია და საქართველოს ეკონომიკის განვითარების მთავარი გზა 

უნდა ითქვას, რომ საქართველოში ძირითადად დროულად მოხერხდა სათანადო ზომების განხორციელება ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ, რის შედეგადაც  შენელდა ინფექციის გავრცელების პროცესი და მიღწეული იქნა სხვა ქვეყნებთან შედარებით ადამიანთა მსვერპლის ძალზე დაბალი მაჩვენებელი,  შენარჩუნდა ადამიანის საარსებო პირობებისა და ქვეყნის ფუნქციონირებისათვის  საჭირო ეკონომიკური საქმიანობის გარკვეული დონე. საერთაშორისო დახმარებების მობილიზებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ხერხდება დახმარებების გაწევა როგორც მოსახლეობის, ისე ბიზნესისათვის. უკვე მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე (მაგალითად, დაავადებულთა განკურნების მაღალი შანსი, ეპიდემიის მასშტაბების შემცირება, ჩვევების ჩამოყალიბება მოსახლეობაში ვირუსისაგან თავდასაცავად, სოციალური დისტანცირება, ონლაინ საქმიანობა და სხვ.), აუცილებელია მკაცრი შეზღუდვების მოხსნა, რომ არ მივიდეთ ეკონომიკურ კოლაფსამდე და სოციალური დაძაბულობის უკიდურეს გამწვავებამდე. კარგია, რომ საქართველოში ეს პროცესი უკვე დაიწყო. შესაბამისი ვაქცინის ან წამლის აღმოჩენამდე ქცეყანამ უნდა მოახერხოს  პანდემიის (ეპიდემიის) პირობებში ცხოვრება. გასათვალისწინებელია არა მხოლოდ შიგა პრობლემები, არამედ სხვა ქვეყნებში არსებული მდგომარეობა, რათა ინფექციის ხელახალი გავრცელება არ მოხდეს.

მომავალში, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში, კორონავირუსული პანდემიის გამოცდილებიდან გამომდინარე, ყურადღება უნდა გამახვილდეს მედიცინის, ბიოტექნოლოგიებისა და ჯანდაცვის სისტემების, სოფლის ეკონომიკის, ციფრული ეკონომიკისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე. ფართოდ უნდა დაინერგოს ონლაინ სწავლება, ონლაინ ვაჭრობა და დისტანციური საქმიანობა, რაც, გარდა ადამიანთა უსაფრთხოებისა, გამოიწვევს რესურსების მნიშვნელოვან  ეკონომიასა და დროის დანაზოგს.

თანამედროვე ეტაპზე ადამიანთა კეთილდღეობის ამაღლება სულ უფრო  და უფრო დამოკიდებული ხდება პროგრესულ თვისებრივ ცვლილებებზე ეკონომიკაში (ეკონომიკურ განვითარებაზე). ამდენად,  მომავალში საქართველოში გენერალური მიმართულება უნდა გახდეს ეკონომიკის ინოვაციური განვითარება. ქვეყნის ინოვაციურმა სისტემამ უნდა შეძლოს ინოვაციების გენერირება ან იმპორტი. თავდაპირველად უპირატესობა უნდა მიენიჭოს ინოვაციების იმპორტს, ხოლო შემდეგ საკუთარ კვლევებზე დაფუძნებული ინოვაციების განხორციელებას (თუ გვინდა ქვეყნის კონკურენტუნარიანობა ამაღლდეს). ამ პროცესში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს მეცნიერებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკური განვითარების პროცესს საფუძველი გამოეცლება და შედეგი ვერ მიიღწევა.

           საქართველოში  ინოვაციური ეკონომიკ­ის ფორმირებისათვის აუცილებელია:

1.შემუშავდეს საქართველოს ეკონომიკის ინოვაციური განვითარების სტრატეგია და ამის საფუძველზე  საქართველოს ეკონომიკის ინოვაციური განვითარების გეგმა. სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები უნდა იყოს: 1. სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება; 2. განათლების სფეროს სრულყოფა; 3. მჭიდრო და მუდმივი კავშირის დამყარება მეცნიერებას, ბიზნესსა და სახელმწიფო ორგანოებს შორის 4. სამეცნიერო კვლევების მომსახურების სისტემის სრულყოფა 5. ცოდნის ეკონომიკის ფორმირება 6. ინოვაციური ინფრასტრუქტურის (უნივერსიტეტები; სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები; ტექნოპარკები; ბიზნეს-ინკუბატორები; კლასტერები, მცირე ინოვაციური საწარმოები; ინოვაციური ტექნოლოგიური ცენტრები; კონსალტინგური ფირმები; სატელეკომუნიკაციო ქსელები; ფინანსური ინსტრუმენტები, მათ შორის, ვენჩურული კაპიტალი და სხვ.) განვითარება; 7. რეგიონული საინოვაციო საქმიანობის გამოცოცხლება და განვითარება;  8. ინოვაციების განხორციელებისათვის წამახალისებელი (შეღავათები, საგადასახადო შეღავათები, რისკების დაზღვევა და სხვ.) ფორმირება; 9. დონორების მიერ განხორციელებული პროექტების შედეგების დანერგვის მხარდაჭერი მექანიზმების შექმნა; 10. უცხოური კრედიტებისა და დახმარებების წარმოების სფეროში გამოყენების სისტემის ფორმირება; 10. კონკურენტუნარიანი მეწარმეობის განვითარებისათვის ხელშემწყობი მექანიზმების შექმნა; 11. მაღალიტექნოლოგიების (hi-tech) შესაძლებლობათა მაქსიმალური გამოყენება და სხვ. 

დადებითია, რომ დღევანდელი მთავრობა აღიარებს ინოვაციური ეკონომიკის მშენებლობის აუცილებლობას და დგამს ნაბიჯებს ამ მიმართულებით, მაგალითად: მიღებული იქნა კანონი ინოვაციების შესახებ; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეიქმნა საქართველოს ინოვაციისა და ტექნოლოგიის სააგენტო; დაფუძნდა კვლევისა და ინოვაციების საბჭო; საქართველო პირველი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, სადაც გამოჩნდა ფაბლაბები; გაიხსნა პირველი ტექნოლოგიური პარკი ინოვაციები  ინერგება ეკონომიკაში და ა.შ.

მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება განათლების სფეროს (სადაც მოიაზრება მეცნიერებაც) დაფინანსების გაზრდის შესახებ. ასევე მნიშვნელოვანია ქუთაისში საერთაშორისო ინსტიტუტის აშენება, რომელიც უპასუხებს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და განათლების თანამედროვე მოთხოვნებს.

სწორედ ინოვაციების განხორციელების შედეგად, კაცობრიობის ერთიანი მოქმედებით, შეიძლება გადაიჭრას დღეისათვის მსოფლიოში არსებული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გლობალური პრობლემები, მათ შორის, ის გლობალური პრობლემაც, რომელსაც პანდემია ჰქვია.                                                           

დასკვნები

  1. პანდემიის ეკონომიკური პრობლემები წარმოიშვება მსოფლიოში ინფექციურ დაავადებათა მასიური გავრცელების  დროს, მთავრობების მიერ ადამიანთა უსაფრთხოების მიზნით გატარებულ აკრძალვით ღონისძიებათა განხორციელების გამო.
  2. ეკონომიკაზე პანდემიის გავლენას ეკონომიკის პანდემიური შოკი შეიძლება ვუწოდოთ.
  3. დღევანდელი პანდემიური შოკის თავისებურება  არის ის, რომ უარყოფითი ეკონომიკური შედეგები გამოწვეულია მთავრობის მიერ მიღებული დიდმასშტაბიანი შეზღუდვებით
  4. პანდემიური შოკის მართვა განსხვავდება ეკონომიკურისაგან. მისი მოხნა დამოკიდებულია არა მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ ღონისძიებებზე, არამედ ვირუსის გავრცელების ვადებზე, მასშტაბებსა და აგრესიულობაზე.
  5. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური რეცესია გამოწვეულია პანდემიით,  დღეისათვის უკვე ჩამოყალიბდა წმინდა ეკონომიკური ხასიათის ნეგატიური პროცესები (უმუშევრობა, სიღარიბის ზრდა, ინფლაცია, ვალუტის გაუფასურება, ეროვნული ადამიანისეული კაპიტალის, დანაზოგების, შიგა და  უცხოური ინვესტიციების, საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების შემცირება და სხვ.),
  6. თანამედროვე პანდემიის პირობებში მთავრობას უწევს ოქროს შუალედის მოძებნა ადამიანის ჯანმრთელობას, მის სიცოცხლესა და ეკონომიკურ ვარდნას შორის, თუმცა პირველი უმთავრესია. ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, როგორც უმაღლეს ღირებულებას, რასაკვირველია, უპირატესობა უნდა მიენიჭოს, მაგრამ  უკიდურესი გადახრა როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, გამოიწვევს როგორც ადამიანთა, ისე ეკონომიკის ძლიერ დაზარალებას.
  7. ეკონომიკური რყევები დღევანდელი პანდემიის დროს შედარებით დაბალანსებულია, ვინაიდან მთავრობის მიერ განხორცილებული შეზღუდვები იწვევს როგორც ერთობლივი მოთხოვნის, ისე ერთობლივი მიწოდების შემცირებას.
  8. პანდემია გლობალური პრობლემაა. მაგრამ, იგი არ არის უშუალოდ გლობალიზაციის შედეგი.იგი აჩქარებს ინფექციის გავრცელებას, მაგრამ პანდემია, უფრო მეტად, თვით ინფექცის თავისებურებაა.
  9. მიუხედავად პანდემიების  მდიდარი გამოცდილებისა, მსოფლიო მაინც ძალზე მოუმზადებელი შეხვდა კორონავირუსის პანდემიას არა სამედიცინო, არამედ მის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის თვალსაზრისით.
  10. ქვეყნების დღევანდელმა თვითიზოლაციამ გააჩინა გარკვეული ანტიგლობალისტური შეხედულებები, არადა,  აუცილებელია პირიქით მოქმედება.
  11. არსებობს მოსაზრებები, რომ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ შემცირდება გლობალიზაციის დონე, ქვეყნები აირჩევენ პროტექციონისტულ პოლიტიკას, თვითკმარობის პოლიტიკას, რაც შეუძლებლად მიგვაჩნია
  12. გლობალიზაციის პროცესი ობიექტური რეალობაა და ის აუცილებლად გაგრძელდება, მაგრამ კორექტივების შეტანა მასში აუცილებელია, საჭიროა ჯანდაცვის გაძლიერება, მისი ორგანიზაციის ახალი ფორმების შემუშავება და დანერგვა. ასევე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სავალუტო კურსის პრობლემას, უნდა განხორციელდეს სავალუტო კურსის  საერთაშორისო რეგულირება
  13. თანამედროვე პანდემიის პირობებში მოსალოდნელია მოვლენათა განვითარების ორი სცენარი – მოკლევადიანი  და გრძელვადიანი. პირველი სცენარის დროს ეპიდემია თავისთავად ჩაცხრება მთელ მსოფლიოში ან გამოგონებული იქნება ვაქცინა და დაავადების სამკურნალო წამალი. ამ შემთხვევაში ეკონომიკის აღდგენა შესაძლებელი იქნება მოკლე დროში.  მეორე სცენარის დროს აუცილებელი გახდება ეკონომიკური საქმიანობის გაძლიერება პანდემიის პირობებში.
  14. საკმაოდ ხანგრძლივი პანდემიური შოკი  თანდათან ემსგავსება წმინდა ეკონომიკურ კრიზისს და პანდემიის დამთავრების შემდეგ შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ისეთი ინსტრუმენტები კრიზისიდან გამოსვლისა, როგორიც გამოიყენებოდა  დიდი დეპრესიის, მეორე მსოფლიო ომისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური ვარდნისა და  2009-2010 წლების მსოფლიო ფინანსური კრიზისების დაძლევის დროს,
  15. უნდა ითქვას, რომ საქართველოში ძირითადად დროულად მოხერხდა სათანადო ზომების განხორციელება ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ, რის შედეგადაც  შენელდა ინფექციის გავრცელების პროცესი   და მიღწეული იქნა სხვა ქვეყნებთან შედარებით ადამიანთა მსვერპლის ძალზე დაბალი მაჩვენებელი,  შენარჩუნდა  ადამიანის საარსებო პირობებისა და ქვეყნის ფუნქციონირებისათვის  საჭირო ეკონომიკური საქმიანობის გარკვეული დონე. შესაბამისი ვაქცინის ან წამლის აღმოჩენამდე ქცეყანამ უნდა მოახერხოს  პანდემიის (ეპიდემიის) პირობებში ცხოვრება.
  16. მომავალში საქართველოში გენერალური მიმართულება უნდა გახდეს ეკონომიკის ინოვაციური განვითარებადადებითია, რომ დღევანდელი მთავრობა აღიარებს ინოვაციური ეკონომიკის მშენებლობის აუცილებლობას და დგამს ნაბიჯებს ამ მიმართულებით, სწორედ ინოვაციების განხორციელების შედეგად, კაცობრიობის ერთიანი მოქმედებით, შეიძლება გადაიჭრას დღეისათვის მსოფლიოში არსებული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გლობალური პრობლემები, მათ შორის,   ის გლობალური პრობლემაც, რომელსაც პანდემია ჰქვია.

ლიტერატურა

  1. მექვაბიშვილი ე. 2020. ინტერვიუ გაზეთში  „თბილისის უნივერსიტეტი“ http://newspaper.tsu.ge/ge/news/view/ KSIWclIG?fbclid=IwAR0I0aLHMRwwe Tmuw0xJU2OJ9Aq_ kVPl7c8g8H1KmfNlA5d2CXfgtwI5whc
  2. პაპავა ვ., ჭარაია ვ. 2020. ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს ეკონომიკის ზოგიერთი გამოწვევა https://www.gfsis.org/ge/publications/opinion-papers
  3. ჭითანავა ნ. 2020. განსაცდელმა გააზრებული ნაბიჯების გადადგმა უნდა შეგვაძლებინოს. http://iverioni.com.ge/16752-nodar-tcithanava- gansacdelma-gaazrebuli-nabijebis-gadadgma-unda- shegvadzlebinos.html
  4. Abesadze R. Problems of economic development and economic growth in Georgiaю “Ekonomisti”, 2019, № 3
  5. Òscar Jordà, Davis Sanjay R. Singh, Davis Alan M. Taylor. 2020 Longer-Run Economic Consequences of Pandemics. Òscar Jordà Federal Reserve Bank of San Francisco University of California, University of California, University of California, Davis NBER and CEPR March 2020 Working Paper 2020-09 https://www.frbsf.org/economic-research/files/wp2020-09.pdf
  6. Павлова А. 2020. Коронавирус в компании чумы: какие еще пандемии ходили по Земле. https://baltnews.lt/mir_novosti_/20200314/1019809811/ Koronavirus-v-kompanii-chumy-kakie-esche- pandemii-khodili-po-Zemle.html

 



[1] ჭითანავა ნ. 2020. განსაცდელმა გააზრებული ნაბიჯების გადადგმა უნდა შეგვაძლებინოს.

http://iverioni.com.ge/16752-nodar-tcithanava-gansacdelma-gaazrebuli-nabijebis-gadadgma-unda-shegvadzlebinos.html